logo
ENG



თავდასხმა ვახო სანაიაზე - კადრები, ტაქსის ვიდეო-რეგისტრატორმა გადაიღო [ვიდეო]

12 მარ 202121:25
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმის კადრები პოლიტმეტრის ეთერში გამოქვეყნდა. კადრები ტაქსის ვიდეო-რეგისტრატორის მიერ არის გადაღებული. 

მათში ჩანს, როგორ აწვება ფორმულას ტელეწამყვანი ავტომობილს, რომელიც მოყინულ გზაზე ვერ ახერხებს ასვლას. ამ დროს მას უახლოვდებიან თავდამსხმელები, რომლებიც ჟურნალისტს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. კადრებში ასევე ჩანან ადგილზე მისული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მაშველები თავდამსხმელებს აშველებენ და ცდილობენ ისინი სანაიას განარიდონ

როგორც თავად ვახო სანაია აცხადებს, ის გაეცნო მოწმეების დაკითხვის ოქმებს, თუმცა ხსენებული მაშველები, გამოკითხვის დროს ამბობენ, რომ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ვახო სანაიას მისამართით ადგილი არ ჰქონია.  

ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ.  როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. მათი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ვახო სანაიასა და მისი ნათესავის მიმართ. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ჟურნალისტი დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს. 


close დახურვა